საქართველოს ავტომობილების ბაზარზე ელექტრომობილების მიმართულება წლიდან წლამდე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. მიუხედავად ამისა, ქართველ მომხმარებელს აქამდე არ ჰქონდა წვდომა BYD-ის იმ ელექტრომობილებზე, რომლებიც ოფიციალური გარანტიით, ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკაზე მორგებული სერვისით, ორიგინალი სათადარიგო ნაწილებითა და კვალიფიციური ტექნიკური გუნდის მხარდაჭერით იქნებოდა უზრუნველყოფილი.
2026 წლიდან კი ეს მოცემულობა იცვლება - GT Group საქართველოში BYD-ის ერთადერთი ავტორიზებული დილერი გახდა. ამიერიდან, ჩვენ ბაზარზე ვამკვიდრებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წარმომადგენლობას და BYD-ის მფლობელებს ვთავაზობთ მაღალი დონის გაყიდვების შემდგომ მომსახურებასა და ოფიციალურ გარანტიას.
BYD - გლობალური ლიდერი ელექტრომობილების ბაზარზე
BYD მსოფლიოში ახალი ენერგეტიკული სატრანსპორტო საშუალებების (NEV) უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია გამოირჩევა იმით, რომ დამოუკიდებლად აწარმოებს ელემენტებს, ნახევარგამტარებს, ელექტროძრავებსა და საავტომობილო პლატფორმებს. BYD-ის წარმატების საიდუმლო ინოვაციების მუდმივ ძიებაშია - ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს, ულტრათანამედროვე ციფრულ ინტერფეისს და გამძლე ელემენტებს (Blade Battery). BYD-ის ავტომობილები არის უნიკალური გადაწყვეტა მათთვის, ვინც ეძებს მომავლის ტექნოლოგიებს, პრემიუმ კლასის კომფორტსა და ეკონომიურობას ერთ პროდუქტში. ბრენდის პორტფელი მოიცავს როგორც ბიუჯეტურ ელექტრომობილებს, ასევე პრემიუმ კლასის სპორტულ მოდელებს (მათ შორის ქვებრენდებს: DENZA და YANGWANG), რაც თანამედროვე მომხმარებლების ნებისმიერ სურვილსა და საჭიროებას პასუხობს.
ექსკლუზიური ტური ჩინეთში: E-Journey 2026
ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობის აღსანიშნავად, „ჯითი გრუპმა“, როგორც ბრენდის ერთადერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა BYD- თან ერთად ქართული ბიზნეს მედიისა და სფეროს ლიდერებისთვის ექსკლუზიური ტური მოაწყო. 11-15 მაისს, ჩინეთის ქალაქ ჟენჯოუში, ყოველწლიური ღონისძიება BYD E-Journey 2026 გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები პირადად გაეცნენ ელექტრომობილების წარმოების ინოვაციურ პროცესებსა და ბრენდის ტექნოლოგიურ მიდგომებს.
5-დღიანი ტურის განმავლობაში მონაწილეებმა დაათვალიერეს BYD-ის ჟენჯოუს სამრეწველო კომპლექსი - მასშტაბური საწარმო, სადაც სამ ინტეგრირებულ ხაზზე ყოველდღიურად შვიდი სხვადასხვა მოდელი იწყობა და BYD Di Space - საგამოფენო სივრცე, რომელიც ბრენდის ისტორიას, განვითარების ხედვასა და მთავარ ტექნოლოგიურ მიღწევებს აერთიანებს.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიონალურ სარბოლო ტრასასა და უგზოობის პირობებში გამოეცადათ BYD DENZA-სა და YANGWANG-ის მოდელები, ასევე საკუთარი თვალით ენახათ სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია, რომელიც ელექტროავტომობილის ელემენტს სულ რამდენიმე წუთში ტენის.