”ფორდის” ახალი სატვირთო ავტომობილების სამოდელო რიგის პრეზენტაცია საქართველოში!



”ფორდის” სატვირთო ავტომობილების ახალი სამოდელო რიგის პრეზენტაცია საქართველოში!

საქართველოს საგამოფენო ცენტრ ”ექსპო ჯორჯიაში”, ”ფორდის” ახალი სატვირთო ავტომობილების ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.

”ფორდის” ახალი მოდელები საზოგადოებას წარუდგინეს ”ფორდ სატვირთოს” (Ford Trucks) ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, კომპანია ”ჯი-თი გრუპმა” და Ford Trucks-ის მწარმოებელმა კომპანიამ Ford Otosan-მა. პრეზენტაციაზე მისულებს ღონისძიების ორგანიზატორებმა გააცნეს ”ფორდის” ახალი სატვირთო სამოდელო რიგის ავტომობილები და მოდელების ტექნოლოგიური სიახლეები.

პრეზენტაციაზე ასევე აჩვენეს ”ფორდ თრაქზის” ახალი ოფიციალური ვიდეო-ფილმი, დარიგდა ბროშურები ტექნიკური აღწერილობით და სამშენებლო მოდელის საინფორმაციო-კომერციული ფლაიერები. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს ”ჯი-თი გრუპისა” და ”ფორდ თრაქზის” წარმომადგენლებმა.

GT Group-ის გენერალურმა დირექტორმა ლევან გოგსაძემ ღონისძიებაზე მისულებს ”ფორდის” სამშენებლო დანიშნულების ავტომობილი წარუდგინა. მისი თქმით, ”ფორდ ოტოსანმა” დაიწყო ახალი სამოდელო რიგის ავტომობილების წარმოება ყველა მიმართულებით.

”ახლა მიმდინარეობს სამშენებლო გამოფენა. ამ გამოფენაში ვმონაწილეობთ ”ფორდ ოტოსანთან” ერთად, რომელიც სატვირთო ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. 2016 წლიდან ”ფორდ ოტოსანმა” დაიწყო ახალი სამოდელო რიგის ავტომობილების წარმოება არამარტო სამშენებლო, არამედ ყველა მიმართულებით. უკვე წარმოებაშია ახალი მოდელები საერთაშორისო გადაზიდვებისთვის, სამშენებლო სეგმენტისთვის, კომუნალური მეურნეობისთვის. ამასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ მოგვეწყო პრეზენტაცია ჩვენს კოლეგებთან ერთად და წარმოგვედგინა მომხმარებლისთვის მთელი სამოდელო რიგი და ის სიახლეები და ინოვაციები, რომელიც დანერგილია ახალ მოდელებში”, - განაცხადა გოგსაძემ.

მისივე თქმით, უკვე გაყიდვაშია აბსოლუტურად ყველა ტიპის ავტომობილი - ამწე, თვითმცლელი, ბეტონმრევი, კომუნალური დანიშნულების მანქანები, გადამზიდი თუ სხვა. ლევან გოგსაძის ინფორმაციით, "ფორდ თრაქზს" უკვე შეუკვეთეს 12 ახალი ავტომობილი. ძველი მოდელების გაყიდვა ახალი მოდელების გაყიდვით შეწყდა.

გოგსაძე ახალი მოდელების ტექნიკურ მახასიათებლებზეც საუბრობს: ”ბევრი გაუმჯობესებაა. გაუმჯობესებულია ძრავები, ტრანსმისია, ჩარჩო, დაკიდების სისტემა, სამუხრუჭე სისტემა და სხვა მინიშვნელოვანი კომპონენტები. იმედი გვაქვს, რომ ახალი მოდელები კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს მომხმარებელში”, - აღნიშნა GT Group-ის გენერალურმა დირექტორმა. მისივე თქმით, GT Group-ი ფორდის სატვირთო ტექნიკის ოფიციალური დილერია და ავტომობილების გაყიდვას და მომსახურებას 2006 წლიდან ეწევა.”დღეისათვის უკვე ასეულობით ერთეული ავტომობილია გაყიდული. ძალიან კარგად გვაქვს აწყობილი მომსახურების და ნაწილებით უზრუნველყოფის სქემა. მომხმარებელს პრაქტიკულად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  ვემსახურებით, ხოლო ჩვენი სერვისმობილებით შეგვიძლია მცირე რემონტი ადგილზეც. გაყიდვების შემდგომმა მხარდაჭერამ, ე.წ. After-Sales-Support -მა, მანქანების ხარისხთან ერთად, განაპირობა  ამ ავტომობილების პოპულარობა საქართველოში”, - განაცხადა გოგსაძემ.

ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები დასაჩუქრდნენ სამახსოვრო საჩუქრებით ”ფორდისგან”, ხოლო ღონისძიების ბოლოს გაიმართა ლანჩი-ფურშეტი. პრეზენტაციას დაესწრნენ სატრანსპორტო, სამშენებლო, მუნიციპალური, სადისტრიბუციო და საერთაშორისო და ადგილობრივი გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები.


27/05/2016